"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელეს.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მარტში დაანონსებული აქციები გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით სალაპარაკო არ ჰქონდეს, ისინი აქციების ფორმას შეცვლიან. მისი თქმით, დღეს პარლამენტთან გამართული აქცია იყო მშვიდობიანი, მაინც ისმოდა რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე.
„დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, ამის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე აქციების მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელებთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება“, - თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს ოპოზიციამ პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება დააანონსა.
დღეს ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება დაიწყო