უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ - გაეროს სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა უკრაინის საჩივრის განხილვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2017 წელს წარადგინა.


როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროს სასამართლომ ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვის შესახებ კონვენციის ზოგიერთი ნაწილის რუსეთის მიერ დარღვევა აღიარა. საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას არ ჩაუტარებია გამოძიება 2014 წელს ტერორისტულ ფორმირებებთან ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელთა კავშირის შესახებ. სასამართლომ განაცხადა, რომ მას არ მოეპოვება საკმარისი მტკიცებულებები დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების ტერორისტებად მისაჩნევად.


გარდა ამისა, ჰააგის სასამართლომ არ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის სავარაუდო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების რეისის MH17 ჩამოგდებას ეხება. ამდენად, გაეროს სასამართლომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ტერორიზმის დაფინანსების საქმეში, უკრაინული მხარის ბრალდებების მცირე ნაწილი დაადასტურა. 


რაც შეეხება უკრაინის სარჩელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის ფორმების დაძლევის შესახებ კონვენციების დარღვევასთან დაკავშირებით - საუბარია ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების ჩაგვრაზე დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინამ ვერ შეძლო ასეთი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტების უმეტესობის დამტკიცება. ამასთან, ჰააგამ აღიარა, რომ რუსეთმა ვერ დაიცვა ყირიმში მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების უფლებები, რითაც მოსკოვმა აღნიშნული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. ამასთან, სასამართლომ უარი განაცხადა, უკრაინისთვის მიენიჭებინა კომპენსაცია, რასაც კიევი მოითხოვდა.


უკრაინის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კონვენციები ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კიევის განცხადებით, მოსკოვი აფინანსებდა დონბასის შეიარაღებულ სეპარატისტებს, რომლებსაც უკრაინა ტერორიზმში სდებს ბრალს და პასუხისმგებელია მათი მოქმედებებისთვის, მათ შორის, მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებისთვის 2014 წელს, როცა 298 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სისტემატურად ეწევა არარუსების, პირველ რიგში, უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების დისკრიმინაციას.