ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა: საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება

"საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. ქართული პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის", -ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ფუკუიამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხს ეხმიანება.

"მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგაქრი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია. ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ. ვგულისხმობ, რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთ მოტივი იყო, და სასამართლო სისტემის აშკარა კურუფციას და ნეიტრალური არბიტრაჟის ნაცვლად, მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას", - განაცხადა ფუკუიამამ.

მისი თქმით, საქართველოში არსებული პრობლემა თავად ქართველმა ხალხმა უნდა მოაგვაროს.

"არ ვთვლი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ან შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ეს პრობლემა ქართველებმა უნდა მოაგვარონ. თუმცა, ამ ადმინისტრაციისგან ბევრად უფრო დიდი მზაობაა იმისთვის, რომ მსოფლიოში ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმები გააკრიტიკოს. ისინი ასე მოიქცნენ რუსეთში ნავალნის დაკავების შემთხვევაში და მიანმარში სამხედრო გადატრიალებისას. მე იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ სიტუაციაში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა და მას და მის ხალხს სიტუაცია კარგად ესმით. ამიტომ, თეთრი სახლისგან ქმედებებს მოველი",- აცხადებს ამერიკელი პოლიტოლოგი.

ფრენსის ფუკუიამას თქმით, ქართული პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული გზით მიდის.

"საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატებას, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად - უკრაინაში, იქნება ეს კორუფიციის აღმოფხვრის, თუ მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.

თუმცა, ვფიქრობ ქართული პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია. რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები ხელისუფლებაში პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმები არ იმუშავებს. ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ეს ნაბიჯი, რაც გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას", - აცხადებს ფუკუიამა.