„უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლების უკუგდება, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ „ჯაველინები“ და მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ომის პირველ კვირებში,“ ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ში გააკეთა, როდესაც ამერიკული მწარმოებლის Lockheed Martin-ის ქარხანაში მივიდა.
„აქ ვარ, რათა მადლობა გადაგიხადოთ და გამოვხატო მადლიერება NATO-ს სახელით, ყველა მოკავშირის სახელით და ასევე უკრაინაში უნიფორმაში ჩაცმული მამაცი კაცებისა და ქალების სახელით. სახელი "Lockheed Martin" არის ინოვაციის და ტექნიკური ბრწყინვალების სინონიმი. ათწლეულების განმავლობაში თქვენ ეხმარებოდით ამერიკულ და NATO-ს ძალებს თავიანთი ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ამდენად, მე მოვედი აქ მარტივი გზავნილით. ერთი მილიარდი ადამიანის სახელით NATO-ს მოკავშირე ქვეყნებში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ,“ აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ლიდერია, მაგრამ შეერთებული შტატები მარტო არ არის. სტოლტენბერგის თქმით, ერთად, ევროპისა და კანადის მიერ გაღებული მხარდაჭერა აშშ-ის ხარჯებს აღემატება.