ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე 7 რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სასანქციო სიაში შვიდ რუს მაღალჩინოსანს და 14 სუბიექტს შეიყვას, რომლებიც ნავალნის მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ.
მათი თქმით, აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ გასულ წელს ციმბირში ბატონ ნავალნიზე თითქმის ფატალური თავდასხმის უკან რუსეთის მთავრობა დგას.
თავის მხრივ, ევროკავშირმა 4 რუს მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. ტექსტში არ არის მითითებული, ვისზე ვრცელდება სანქციები, თუმცა გერმანული გამოცემების Bild-ისა და Focus-ის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გვარიის სარდალი, ვიქტორ ზოლოტოვი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი. მათ აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და არსებობის შემთხვევაში, გაიყინება ევროკავშირში მათი ანგარიშები.
„ვაშინგტონის სანქციების სამიზნეა, როგორც რუსი მოხელეები, ისე კომპანიები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას.
2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის, ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.