სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით - “ევროპული სახელმწიფოსთვის“, დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ოთხი მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობაა. 73-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას.
„2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა როგორც ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი, ასევე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების თვალსაზრისით.
გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად. ამასთანავე, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით.
ამასთან, მოქალაქეებისათვის ხელშესახები შედეგის მიღების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატების პარალელურად და მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო იზრდება ქვეყნის როლი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ევროკავშირთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება.
ამ თვალსაზრისით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების რეალიზაციის მიზნით. სექტორული ინტეგრაციის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობასა და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რაც პრაქტიკულად ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან.
გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას.
„ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაცია.
„2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე და გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა აშშ-თან თავდაცვის სფეროში. 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint” და აშშ- საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას - „Noble Parter“. ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში. აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას,“ წერია დოკუმენტში.
პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით.