პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციას აშშ დააფინანსებს

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის აშშ 135 000 დოლარს გამოყოფს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია.


აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია.

„ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს, ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია, უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა,“ აღნიშნა ელჩმა.


ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შესაბამის ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასებასა და კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ შეიქმნა. ფონდი ელჩებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ განაცხადები ისეთ ერთჯერად ან განმეორებად პროექტებზე, რომლებიც ქვეყნებს მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ეხმარება.


დღეისათვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა ას ოცდახუთზე მეტ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი დააფინანსა. თითქმის 74 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

საქართველოში ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი დააფინანსა თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით, მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისათვის 2020 წელს გამოყოფილი 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. დაცვის პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს: ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული.