რა მიზნით ჩავიდა ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ჩავიდა და რუსეთის მიერ იქ დანიშნული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ურთიართთანამშრომლობის მემორანდუმი“ გააფორმა.

პარასკევს, ანექსირებულ სიმფეროპოლში ხელი მოეწერა რეგლამენტს სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ანექსირებული ყირიმის მინისტრთა საბჭოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ე.წ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილდ ძამბოლატ ტადტაევი ხელმძღვანელობს. პარასკევს შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს ტადტაევმა და ანექსირებული ყირიმის ვიცე-პრემიერმა გიორგი მურადოვმა მოაწერეს.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ დოკუმენტს. პირველი დოკუმენტი უფრო ტექნიკურია - ეს არის ჩვენი მუშაობის გარკვეული რეგულაცია, რომელიც უნდა იყოს ერთობლივი კომისიის ჩარჩო. და მეორე, არსებითი დოკუმენტია სამხრეთ ოსეთსა და ყირიმს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ერთობლივ შესრულებაზე," - განუცხადა მურადოვმა ჟურნალისტებს.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ვიცე-პრემიერის თქმით, დელეგაციებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი და შეთანხმდნენ, განსაზღვრონ პროდუქციის კონკრეტული სიები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ მიაწოდონ ერთმანეთს, ასევე განავითარონ თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. საუბარი ასევე შეეხო ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან ბავშვებისთვის დასვენების ორგანიზების საკითხს.

"დეტალურად განვიხილეთ სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს არის ათი ძირითადი მიმართულება, 33 ღონისძიება, რომელსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. ერთ-ორ თვეში უნდა შევიმუშაოთ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც აინტერესებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ასევე უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პროდუქციის ჯგუფები, რომლებიც შეგვიძლია მივაწოდოთ ყირიმს, თუ ნახევარკუნძულზე მომხმარებელი დაინტერესდება,“ - აღნიშნა ძამბოლატ ტადტაევმა.


რუსეთის ფედერაციას ყირიმი 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის კიდევ 4 რეგიონი - ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი, თუმცა სრულად ვერცერთ ამ ოლქს ვერ აკონტროლებს.

უკრაინა, რომელსაც თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რუსეთის ობიექტებს პერიოდულად უტევს ანექსირებულ ყირიმშიც. მანამდე რუსეთის ფედერაცია საქართველოში შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაცია 2008 წლის ომის შემდეგ განახორციელა. 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და იქ მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზა შექმნა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.