ე.წ. მინისტრი არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაზე“ საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონს არ ეძლევა „სუნთქვის“ საშუალება - კონტაქტები იბლოკება, რაც მას საერთაშორისო ასპარეზზე „აგრესიულ“ იზოლაციაში აქცევს.

ე.წ. მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩებთან ონლაინ შეხვედრისას დაიჩივლა, რომ მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის ქვეყნები ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას კი არა, ოფიციალურ თბილისს ესაუბრება.


პოლიტიკურ დონეზე „საერთაშორისო პარტნიორებთან“ კონტაქტებში დაბრკოლებების შექმნის გარდა, არძინბა „საქმიანი კონტაქტების“ დონეზე შეზღუდვებზეც საუბრობს.

„და - „კულტურული და ჰუმანიტარული იზოლაცია“, როცა „აფხაზ სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ღონისძიებებში,“ - ამბობს ე.წ მინისტრი.


ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელი რეგიონის იზოლაციის მცდელობებთან ბრძოლის „ყველაზე ეფექტიან“ საშუალებებზე მიუთითებს. მათ შორისაა, საკუთარი მედიის შექმნა „საზღვარგარეთ“ საინფორმაციო ომის „მოგების“ მიზნით და - „მასშტაბური ღონისძიებების“ გამართვა ოკუპირებული აფხაზეთის „კულტურული და საქმიანი იმიჯის“ პოპულარიზაციისთვის.


არძინბა „აგრესიული იზოლაციის“ შესახებ განცხადებებეს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ოკუპირებულ რეგიონში არ შეუშვეს.

გარდა ამისა, არძინბა აცხადებდა, რომ კარი „სამუდამოდ დაკეტილია“ მათთვის, ვინც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

ასევე ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი „კიდევ უფრო იმედგაცრუებული დარჩებოდა უახლოეს მომავალში.“


შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.