USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას

Europetime-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის პერსონა ნონგრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID/Georgia) განუცხადეს, რომ „სიტუაციას აკვირდებიან.“

  • USAID მიმდინარე პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას.

„USAID გაეცნო ამ განცხადებას. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რაც შეეხება პარტნიორობას საქართველოსთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში პირველად 1992 წელს გააღო თავისი კარი და დაამყარა ძლიერი პარტნიორობა.

„საერთო ჯამში, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რათა დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან.

USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში.


შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა ამბობს, ინალ არძინბა თავისი მანდატის შესაბამისი დიპლომატიური საქმიანობით არ არის დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინა „მინისტრების“ მიღწევებს.


„მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია, მიზნად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, მიმართონ სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ, მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს,” - ამბობს არდა ინალ-იპა. ის მიიჩნევს, რომ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს.“

ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების “ხელმძღვანელად“ 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. უკრაინამ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, 2017 წელს ინალ არძინბას მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება მიენიჭა.