5-8 მარტს რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას Arabnews-ი ავრცელებს.
პაპი თავდაპირველად ბაღდადში ჩაფრინდება, სადაც მას ერაყის პრემიერ-მინისტრი დახვდება. როგორც ცნობილია, პაპი ვიზიტისას ჯავშანტექნიკით გადაადგილდება და მასთან ერთად ვატიკანის ექთანიც იქნება.
ვატიკანის პრესსპიკერმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო, პაპის ეს მოგზაურობა სხვებისგან განსხვავდება და მოსახლეობასთან შეხვედრები არ არის დაგეგმილი.
ვატიკანის წარმომადგენელი ამბობს, რომ კათოლიკური სამყაროს ლიდერი წირვას ისტორიულ ერბილში ჩაატარებს, სადაც 10 000-მდე ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი და ისიც სოციალური დისტანციის დაცვით.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ეს იქნება პაპის პირველი მოგზაურობა და ამასთანავე პირველი ვიზიტი ერაყში.
როგორც მედია იტყობინება, პაპთან ერთად ერაყში ჩავა ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი, პიეტრო პაროლინი, კარდინალი ლეონარდო სანდრი და მთავარეპისკოპოსი, პოლ გალაგერი.
შაბათს, პაპი გაემგზავრება ქალაქ ნაჯაფში, სადაც შეხვდება აიათოლა ალი ალ-სისტანს, ერაყის ყველაზე გავლენიან შიიტ სასულიერო პირს.ამის შემდეგ, პაპი უძველეს ქალაქ ურსაც ეწვევა. კვირას კი, რომის პაპი მოსულსა და ქარაქოშში გაემგზავრება.