ჟენევის პარალელურად, ჩინეთთან ფორმატის შექმნაზე პარლამენტარის ინიციატივას დარჩიაშვილი პასუხობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია, ჩინეთთან კი, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგეგმება.

დარჩიაშვილის თქმით, ჟენევის ფორმატში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ჩართულია ევროკავშირი, ეუთო და გაერო.

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩრდილოელი მეზობელი წარმოდგენილია. ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია.

ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ, მინიმუმ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში. ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად მოახდინოს გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, თუ „შუა დერეფნის“ წარმატება გვსურს, ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გასაძლიერებელია.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.


„იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა, ხომ არ ჯობდა, პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი იქნება წამყვანი,“ - განაცხადა ინჯიამ დღეს, 7 თებერვალს. თუ მანამდე ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, ინჯია თვლის, რომ უფრო მეტი ინტერესი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც თბილისი გამოიყენებს.

„ჩვენ შეგვიძლია, შევაჯიბროთ ეს ორი ფორმატი და ვნახოთ, რომელი აჯობებს,“ აღნიშნავს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.


შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.

მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.


გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).