„პუტინს თუ რაიმე აქვს სათქმელი, მან ეს ჰააგის სასამართლოს წინაშე უნდა თქვას“ - სანქციები ემუქრება Fox News-ის ყოფილ წამყვანს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა

ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს სანქციების დაწესება Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა დააანონსა.

ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა და კომენტატორმა ტაკერ კარლსონმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ თანხმობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად.


„ამაღამ მოსკოვში ვართ. აქ ვართ ინტერვიუსთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან," - ამბობდა კარლსონი.

ტაკერ კარლსონი შუღლის გამომწვევი რიტორიკითა და შეთქმულების თეორიების გავრცელებით არის ცნობილი. ის ამბობს, რომ "ხალხის ინფორმირება" მისი მოვალეობის ნაწილია.

Fox News-მა კარლსონი, არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო ცნობების გავრცელებით გამოწვეული სკანდალებისა და სასამართლო პროცესების ფონზე, გასულ წელს გაათავისუფლა.

მოგვიანებით კარლსონმა თავისი შოუ პლატფორმაზე X-ზე წამოიწყო.

პუტინთან ინტერვიუ სწორედ X-ზე გამოქვეყნდება.


ევროპარლამენტარი ურმას პაეტი ამბობს, რომ „კარლსონს სურს, პლატფორმა დაუთმოს მას, ვინც ბრალდებულია გენოციდში - ეს არასწორია. „თუ პუტინს რაიმე აქვს სათქმელი, მან ეს ICC-ის წინაშე უნდა თქვას. ამავე დროს, კარლსონი არ არის ნამდვილი ჟურნალისტი, რადგან მან აშკარად გამოხატა თავისი სიმპათია რუსეთის რეჟიმის და პუტინის მიმართ და მუდმივად ამცირებდა რუსული აგრესიის მსხვერპლ უკრაინას.“


„რადგან პუტინი ომის დამნაშავეა და ევროკავშირი სანქციებს უწესებს ყველას, ვინც მას ამ ძალისხმევაში ეხმარება, ლოგიკურია, რომ საგარეო მოქმედების სამსახურიც განიხილავს მის საქმეს,“განაცხადა თავის მხრივ, გაი ვერჰოფშტადტმა, ევროპარლამენტის წევრმა.

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ ინტერვიუ სამშაბათს არის ჩაწერილი. კომენტარი გაკეთდა უკრაინაშიც. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადამ რომ „ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც უსაფრთხოა ამ სიტუაციაში, არის ჰააგაში დაკითხვა.“


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.