ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირვებლებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მათ აქვთ "სერიოზული კითხვები" აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ილჰამ ალიევმა გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიპოვა.
8 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ხმების 93 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგად, ალიევმა ხმების 92.05 პროცენტი მიიღო.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის მზადება პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა, მას აკლდა ნამდვილი პლურალიზმი და კრიტიკულ ხმებს მუდმივად ახშობდნენ,“ აღნიშნავს ეუთო.
მისივე თანახმად, გამოხატვის თავისუფლების ხანგრძლივი შეზღუდვები გაძლიერდა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, რასაც შედეგად მოჰყვა კანონმდებლობა, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს.
ალიევის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევმა უარყო კრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო "თავისუფალი, დემოკრატიული და სრულად ასახავდა აზერბაიჯანელი ხალხის ნებას."
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებში მონაწილე კიდევ ექვს კანდიდატს თავის საარჩევნო კამპანიაში მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა დამაჯერებლად არ გაუკრიტიკებია და ამომრჩევლებს ნამდვილი ალტერნატივა არ ჰყავდათ.
ოპოზიციური მუსავატის და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის განცხადებით, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხდეს, ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა, რადგან არ იყო შეჯიბრი, თავისუფლებები სრულიად შეზღუდული იყო, ხმის მიცემა შიშის, მუქარის და ადმინისტრაციული ტერორის გარემოში ხდებოდა.
აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 335 დამკვირვებლისგან შედგებოდა.