რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
კლინიკა "რუსთავის" ექიმის, ხათუნა რევაზიშვილის ინფორმაციით, დაჭრილი 26 წლის კაცია. ის კლინიკაში შეიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით.
„პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. საფანტით მიყენებული ჭრილობებია. პაციენტს უტარდება ლაბორატორიული კვლევები, რჩება კლინიკაში," - განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.
შსს-ს განცხადებით, რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლულია ოთხი პირი.