სააკაშვილი სასამართლოზე: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს - მზად ვარ, არჩევნებში ვიყო ბრძოლის წინა ხაზზე

„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები,“ - შესაბამისი განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას, 7 ნოემბრის საქმეზე მისი და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე გააკეთა.


ექსპრეზიდენტის თქმით, ის აპირებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „წინა ფრონზე“ იბრძოლოს, რადგან მისი განცხადებით, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი.

„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები.

ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე, ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.


დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.