დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, როგორც ზალკალიანი აცხადებს, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და ასევე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხი იყო.

მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მკაფიო მხარდამჭერია და ერთ-ერთ მთავარი სავაჭრო პარტიორი.

„მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი – ჩვენი ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში და ასევე, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი", - განაცხადა ზალკალიანმა.

ვიზიტი შეაფასა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ. მისი განცხადებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალურად პირველად სტუმრობს ანაკარას და ვიზიტის ფარგლებში, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესების კუთხით ძალიან საყურადღებო საკითხები განიხილეს.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიიდან გამომდინარე, დროებით დაპაუზებული ურთიერთობები ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროებში თურქეთთან კვლავ განახლდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ზალკალიანისა და თურქეთის პირველი დიპლომატის, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს დიპლომატიური უწყების პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს.

„საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე.

მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების ფარგლებში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისა და თურქეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული შეთანხმება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობა.

„ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას და ამ მხრივ კმაყოფილება გამოიხატა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ახალ რეგიონალურ ინიციატივებს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხასიათის ინიციატივა უნდა ეფუძნებოდეს და მათი იმპლემენტაცია შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეთა მხრიდან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის პირობებში. ამას გარდა, მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობის ინიციატივებში ევროპიდან და აზიიდან პარტნიორების ჩართვაზე, ხოლო თავად მსგავსი თანამშრომლობა ფოკუსირებულ უნდა იქნეს ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“, – აღნიშნულია საქართველოს დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.