„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რამდენად შორს არის პუტინი რეალობისგან“ - BBC რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლისთავზე, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს სრული ორსაათიანი ვერსია დღეს ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. ვიდეოსთან ერთად, კრემლის ვებგვერდზე განთავსდა ე.წ. ტრანსკრიპტიც. მსოფლიო მედია, მათ შორის, BBC განიხილავს, რამდენად შორს არის პუტინი რეალობისგან. ბრიტანული მაუწყებელი რამდენიმე მაგალითს ასახელებს და წერს, რომ პუტინის ინტერვიუს „სალექციო ნაწილი“ ისტორიაზე, ცხადყოფს, რომ ომამდე, უკრაინაში შეჭრამდე დაწერილი „ესე“ პუტინმა ზეპირად ისწავლა. ბრიტანელი ჟურნალისტები იმასაც შენიშნავენ, რომ ტაკერ უილსონმა მხოლოდ ორსაათიანი ინტერვიუს მიწურულს იკითხა მოსკოვში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის შესახებ.


საუბრის პირველ ნახევარში კი, საათის განმავლობაში პუტინი ისტორიაზე მსჯელობდა. თავისი მონოლოგი დაიწყო ვარანგების რუსეთში მიწვევით და წინასწარმეტყველ ოლეგის ისტორიით და დაასრულა ლენინის საგარეო პოლიტიკის კრიტიკით. რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციულად გაამართლა უკრაინაზე თავდასხმა ერთი ხალხის მითით და აღნიშნა, რომ უკრაინელები „ჯერ კიდევ რუსებად გრძნობენ თავს“. ამავე დროს ის „სამოქალაქო ომის ელემენტს“ ხედავს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში.


ერთ მომენტში პუტინი ამტკიცებდა, რომ „ორი ხალხის ურთიერთობა აღდგება. ისინი მორიგდებიან.“ თუმცა როგორც BBC შენიშნავს, „ორწლიანი არაპროვოცირებული ბრძოლების და სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინელენი ამბობენ, რომ რეალურად სიძულვილის გარდა არაფერს გრძნობენ.“


„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შორს არის ვლადიმერ პუტინი რეალური ფაქტებისა და რეალობისგან ისევე, როგორც 2022 წლის თებერვალში, როდესაც მან კიევში გაგზავნა რუსული ჯარები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათ იქ, როგორც განმათავისუფლებლებს დახვდებოდნენ.


BBC წერს, რომ ინტერვიუს დროს არცერთი ფაქტი არ იყო განხილული ბუჩაში, ირპენში და მის ფარგლებს გარეთ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ. პუტინს არ უწევდა პასუხის გაცემა "მაღალი სიზუსტის რაკეტებზე", რომლებიც უკრაინაში სახლებს ესხმიან თავს და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ამერიკელმა წამყვანმა საერთოდ არ უბიძგა პუტინს იმისკენ, რომ პოლიტიკურ რეპრესიებზე ესაუბრა, რაც კონკრეტულად, მისი ოპონენტების ციხეში გამოკეტვას გულისხმობს.


  • „ინტერვიუ, რომელიც მოიცავდა კითხვას „ზებუნებრივი ძალების“ შესახებ, პუტინის „ძნეობრივ ძალაზე“ საუბრით დასრულდა,“  წერს BBC.

პუტინის ინტერვიუს აშშ-ის ხელისუფლება უკვე მწვავედ გამოეხმაურა. თეთრის სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ის, რაც პუტინმა თქვა, „არ უნდა იყოს მიღებული ნორმად.“ „ამერიკელმა ხალხმა კარგად იცის, ვინ არის აქ დამნაშავე,“ დასძინა კირბიმ.


ცნობისთვის, 8 თებერვალს ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად, რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად.

  • რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია.
  • საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.

ანგარიშში წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ იქ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. და რუსეთმა უნდა უზრუნველყოს რეპარაციები ომის კანონების დარღვევის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისათვის.