პიტერ სტანო: ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში

ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ.

როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში.


  • „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში  - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ.

ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ,“ აღნიშნავს პიტერ სტანო.