„NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე

თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებას „შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი“ უწოდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააძლიერა ალიანსი, რადგან მან იცის, რომ ყველა მთავარსარდლის უპირველესი პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხისა და იმ ღირებულებების დაცვაა, რაც მათ აერთიანებთ.


„მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია და ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობასა და ჩვენს ეკონომიკას,” განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა.
 

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნებისმიერ თავდასხმას NATO-ზე, ერთიანი და ძლიერი პასუხი მოჰყვება.

„ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს,“ - აღნიშნავს NATO-ს გენერალური მდივანი.


ტრამის კომენტარს უგუნური უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

„ტრანსატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას 75 წლის განმავლობაში. NATO-ს უსაფრთხოებისა და (მუხლი) მეხუთე სოლიდარობის შესახებ უგუნური განცხადებები ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს და მას არ მოაქვს მსოფლიოსთვის მეტი უსაფრთხოება ან მშვიდობა," აღნიშნა შარლ მიშელმა.


ცნობისთვის, დონალდ ტრამპი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურს, ამბობს, რომ ის „წაახალისებდა“ რუსეთს, დაარტყას აშშ-ის რომელიმე NATO-ელ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს.


24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კამპანიის დროს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის დახმარება, ისევე როგორც NATO არსებობა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუსრულებია ვალდებულება.


„მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები,“ - აღნიშნა ტრამპმა.

2016 წლის კამპანიის დროს ტრამპმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მისი ხელმძღვანელობით, შესაძლოა, უარი თქვას NATO-ს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და დაიცვას მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც მშპ-ს 2%-ს ხარჯავენ. 2022 წლის მდგომარეობით, NATO-ს ახლანდელი 31 წევრი ქვეყნიდან შვიდი ასრულებდა ამ ვალდებულებას. 2014 წელს მხოლდ სამი ქვეყანა იყო ასეთი. 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, NATO-ს ზოგიერთ ქვეყანაში ხარჯების კიდევ უფრო გაზრდა აიძულა.