მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას, ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც ამ თემაზე საკმაოდ ღიად საუბრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ყოველთვის ნათლად ვამბობთ საქართველო-NATO-ს ურთიერთობების და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მევლუთ ჩავუშოღლუმ და დავით ზალკალიანმა 3+3-ის ფორმატის შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს, ირანისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ფორმატზე საუბარი იმით არის განპირობებული, რომ თურქეთს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება სურს.

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ ლოჯისტიკურ საკითხებში უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. გვესმის ამ თემების მიმართ საქართველოს ფრთხილი მიდგომა. როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, შეიძლება ორმხრივ ფორმატში საუბრის დაწყება ქვეყნებს შორის უფრო რთული იყოს, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატში შედარებით ადვილი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.