პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს დაეკისრება, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ასევე შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება.
„დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის.
რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთი ახალი კადრია მინისტრთა კაბინეტში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ დაინიშნა. მიხეილ ფეიქრიშვილი კი, რომელმაც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ჩაიბარა, ამ პოსტზე დანიშვნამდე იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.