ირაკლი კობახიძემ, რომელიც 8 თებერვალს გახდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის პირველი სხდომა გამართა. მან მადლობა გადაუხადა წინა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური მუშაობისთვის და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ახალი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.
„ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, გვჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე, ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება არის ბუნებრივია საჭირო.
იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან.
ასევე, ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე სხდომიდან გაეცანით: