ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. ამის შესახებ კაია კალასმა ავსტრიულ გაზეთ Der Standard-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ომი გრძელდება. ჩვენ არ უნდა შევიდეთ სხვადასხვა ხაფანგში, რომელიც შეიქმნა. შეცდომაა იმის დაჯერება, რომ ომი შეიძლება, სწრაფად მოიგო. რუსეთი ემზადება ომის ხანგრძლივი პერიოდისთვის. ეს გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია, გაიმარჯვოს,“ - განაცხადა კალასმა, როდესა უპასუხა შეკითხვას იქნება თუ არა გადამწყვეტი 2024 წელი უკრაინისთვის.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მახე არის ის, რომ „მშვიდობაზე მოლაპარაკება შეიძლება.“
„მიწის მიტაცებას თუ დავეთანხმებით, რუსეთის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება. არ არის მართალი, რომ მაშინ მოულოდნელად, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება,“ - მიიჩნევს კალასი.
კიდევ ერთი ხაფანგი უკავშირდება რუსეთის მხრიდან უფრო დიდი პროვოკაციების.
„მეოთხე ხაფანგი საკუთარ თავშია, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ქმედება მხოლოდ რუსების პროვოცირებას მოახდენს. პირიქითაა. რუსეთის პროვოცირებას სისუსტე მოახდენს და არა სიძლიერე,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში გადამწყვეტი საკითხი საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობაა.