ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს.

„ვფიქრობ, იმან, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ასევე, შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ თავდაცვისთვის“ - განაცხადა კაია კალასმა.


მეცოლას შეფასებით ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით, თუ რა საშიშროება შეიძლება, მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გაიაზრონ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო.


მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს.

„ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ,“ - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.