USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი და აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე:
„აქცენტი გაკეთდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ადმინისტრატორის მოადგილემ სპიკერს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. შენონ გრინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას,“ წერს USAID.