თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.
ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის 1/3 მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.
3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, - განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი, დაშავდა.
მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სხდომებს დაესწრება მსჯავრდებული გიორგი ვახტანგაშვილიც.