"სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს ის პლატფორმები და თემატიკა, რაც მათ აერთიანებთ", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რეგიონში ახალი პროცესები მიმდინარეობს და საქართველო არ უნდა ჩამორჩეს პრეცესებს და მოწინავე პოზიციები უნდა შეინარჩუნოს.
„ძალიან დროული, ძალიან შინაარსიანი ვიზიტი იყო. დეტალურად განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი, ისე რეგიონალური საკითხები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონი სწრაფად ვითარდება, დინამიკა უაღრესად მნიშვნელოვანია.
საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, არ უნდა ჩამორჩეს ამ პროცესებს, ჩვენ ყველგან მოწინავე პოზიციებზე უნდა ვიყოთ და ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველგან უნდა იყოს დაფიქსირებული, მათ შორის, ეს უნდა იყოს ცნობილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. ასევე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხედვა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად, კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია თანხვედრაში იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ ვიზიტამდე, იგივე ფორმატებთან დაკავშირებით, 3+3, 3+2 თუ 3+1, მაგრამ მთავარი აქ არის რეგიონის ქვეყნების ინტერესი. პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს ის პლატფორმები და თემატიკა, რაც მათ აერთიანებთ. ახალი რეალობაა შექმნილი ბოლო კონფლიქტის შედეგად. აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური სურათი იქმნება. ფაქტია, იზრდება რუსეთის წვდომა რეგიონზე, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები იყოს თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ჩვენ თურქეთს განვიხილავთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. გვაქვს ჩამოყალიბებული, უკვე კარგად ფუნქციონირებადი ფორმატები, შესაბამისი გეოპოლიტიკური პროექტებით, ეკონომიკური პროექტებით, რომელმაც უკვე დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ეს პროექტები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და იძლევა ხელშესახებ შედეგს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი საუბარი აუცილებლად კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს როგორც საშუალო ვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველოს პოზიცია ყველგან იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.