ესტონეთის პოლიციის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთი ესტონეთთან საზღვრისკენ შეგნებულად უშვებს უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონიერად შესვლის უფლება.
ევროკავშირის და NATO-ს წევრი ესტონეთის მთავრობამ შესაძლოა, დროებით დაკეტოს რუსეთთან საზღვარი. მიზეზი რუსეთის მხრიდან მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაა.
დეპარტამენტი ესტონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, ესტონეთის სახელმწიფო, ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს დროებით დაკეტავს, შესაბამისად, ამ პუქტებით სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ და სხვა მარშრუტებით, გაცილებით გრძელი გზის გავლა მოუწევთ.
რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრიდან ფინეთმაც დაკეტა.