რუსეთის ძებნილთა სიაში საქართველოს სულ მცირე 100 მოქალაქეა

რუსულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ „მედიაზონამ“ 13 თებერვალს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ბრალდებით ძებნილი უცხოეთის მოქალაქეების შესახებ.

საქართველო სიის სათავეშია 100 მოქალაქით, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის მხარეს იბრძვიან, კატეგორიაში ‘უცხოელები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში’. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი 93 პირით და სხვა ქვეყნები, როგორიცაა, ბელარუსი, ისრაელი და შეერთებული შტატები. „მედიაზონას“ ინფორმაციით, ეს კონკრეტული კატეგორია მოიცავს მინიმუმ 396 ადამიანს 36 ქვეყნიდან.


მედიაზონას ცნობით, მან ძებნილთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა და გაანალიზა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 96000-მდე ძებნილი პირის შესახებ შეტყობინებას შეიცავს, და შეიმუშავა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი საძიებო ინსტრუმენტი. ჩამოთვლილ პირებს შორის არიან დასავლელი პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები, უკრაინელი პოლიტიკოსები და სამხედროები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, უცხოელები, რომლებიც უკრაინის ჯარში მსახურობდნენ, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საბჭოთა ძეგლების დემონტაჟისთვის იძებნებიან და ა.შ. სიაში, გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასიც ფიგურირებს.

გავრცელებული ინფორმაცით, მონაცემთა ბაზაში შესულ საქართველოს მოქალაქეებს შორის არიან პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ანტი-საოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა. ეს პირები ერთ დროს უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.