NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდის ჩაძირვის ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო.
„მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და ეს დიდი მიღწევა და დიდი გამარჯვებაა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს შავი ზღვა რუსული ხომალდებისთვის სახიფათო გახდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით მოკავშირეების ოპტიმიზმს უკანასკნელი წარმატებაც ზრდის.
„ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რომ გასული წლის კონტრშეტევა უფრო წარმატებული არ იყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფრონტის ხაზის უმოძრაობის მიუხედავად, უკრაინამ მის მიღმა შეტევები განახორციელა. ხმელეთზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურა, მათ შორის აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავები, ასევე, ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება განაგრძო,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.