უკრაინის გენშტაბმა რუსული სადესანტო გემის განადგურება დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო ხომალდი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 თებერვალს, დილით, შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდის „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.


„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებთან ერთად ოკუპანტების დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს,“ - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსული სადესანტო ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.