დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია - ინფორმაციას მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს. თორნიკე მამალაძე „ტვპირველთან“ პირდაპირი ჩართვის დროს ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს მისი ძმა, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ დეკანოზმა საპყრობილე უკვე დატოვა.
„ორი ან სამი საათის წინ მაცნობა ამის შესახებ,“ ამბობს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი ე.წ. უდოს კომისიის (პირობით ვადამდე გათავისუფლების) საშუალებით გათავისუფლდა. მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.