დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველად ისაუბრა

„მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის - მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა,“ - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის საპატიმრო დაწესებულებიდან ქობულეთში, საკუთარ სახლში რეანიმობილით გადაიყვანეს. დეკანოზი ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება.


„მადლობას ვუხდი ოჯახს, თორნიკეს. ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. ყველა ჩემს უფლებადამცველს, მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივს და საერთაშორისოს. ამერიკის და ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც იცავდა ჩემს უფლებას. ასევე ყველა ჟურნალისტს ვუხდი მადლობას. მადლობა ყველას, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე იცის.


ჩემი მთავარი გეგმაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მისცემდა უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, მე მაინც მიყვარს ის," - აღნიშნა დეკანოზმა.