ფაშინიანი: აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.


ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ერევანი სთავაზობს ბაქოს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დროს გამოყენებული იყოს საბჭოთა პერიოდის რუკები და ამ ხაზებიდან შეიარაღებული ძალები გაყვანილი იყოს. მაგრამ, ფაშინიანის თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს და დროდადრო აყენებს საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული 4 ანკლავის საკითხს. ამასთან, არაფერს ამბობს, იმაზე, რომ დღეს აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ  სომხეთის 30 სოფლის ტერიტორიაა.


მისი თქმით, სომხეთი თანახმაა საზღვრების დელიმიტაციაზე ან ამ პროცესის ლოკალურად განხორციელებაზე, საზღვრის ნაწილებად დაყოფით.

„მაგრამ აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს ამ ვარიანტს. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შეიძლება, არსებობდეს ამის ერთი მიზეზი - დაიწყოს საბრძოლო მოქმედება საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის, ფართომასშტაბიან ომში გადაყვანის პერსპექტივით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.


სომხეთის პრემიერის თქმით, 13 თებერვალს, „აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შედეგად სიუნიქის ოლქის კაპანის თემის ნერკინ ჰანდის მონაკვეთზე სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას 4 ჯარისკაცი დაიღუპა.“


„საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 12 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ამ განცხადების შემდეგ სომხეთის სამხედრო პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება, რადგან არსებობს თავდაცვის მინისტრის მკაფიო ბრძანება, არ დაუშვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და პროვოკაციებზე აყოლა. ამის მიუხედავად, მეორე დილით აზერბაიჯანმა მასიური ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ პოზიციებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დავკარგეთ. მოვლენების აღწერა გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება,“ - განაცხადა ფაშინიანმა.