ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, შუა დერეფანი, უსაფრთხოების გამოწვევები - დარჩიაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.


მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამასთან, წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა.


ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების  მნიშვნელობა. აღინიშნა ასევე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფომატის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესების და უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთის როლზე რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მარტის თვეში გაიმართება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.