ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.