NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვუს მილიონი უპილოტო თვითმფრინავის მიწოდებას აპირებენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- „აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული - ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ. NATO-ს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ NATO და უკრაინა ანალიზის, ტრენინგისა და საგანმანათლებლო ცენტრს ერთობლივად შექმნიან პოლონეთში.
„ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, გააზიაროს რუსეთის ომიდან მიღებული გაკვეთილები და შექმნას სტრუქტურა, სადაც უკრაინული ძალები სწავლებას თავიანთ მოკავშირე კოლეგებთან ერთად გაივლიან.“
NATO-ს ქვეყნები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უწევენ სასწავლო მხარდაჭერას. გასულ ივლისში ვილნიუსში სამიტის დროს, მოკავშირეთა ხელმძღვანელობამ, უკრაინის არმიასა და NATO-ს სამხედროებს შორის უკეთესი თავსებადობა სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.
„NATO-ს 20 მოკავშირე ასევე შეთანხმდა განაღმვის კოალიციის შექმნაზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. NATO-ს სხვა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გაიღეს 100 მილიარდი აშშ დოლარი,“აღნიშნა სტოლტენბერგმა.