აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა. ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესმა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებით სერიოზული საშიშროების შესახებ განაცხადა.
„ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის პოტენციური შესაძლებლობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით. ველოდები, რომ მეტი გვექნება სათქმელი. ასე რომ, დაელოდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ყურადღება მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის უსაფრთხოებაზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.