რუსეთის განცხადებით, ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და შავი ზღვის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.


„ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, შავი ზღვის თავზე კი - ოთხი,“ - აცხადებენ უწყებაში.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ბელგოროდი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 19 ადამიანი. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 57 ავტომობილი დაზიანდა, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, რომელშიც განთავსებულია სასურსათო მაღაზია და აფთიაქი, სკოლის შენობა და სტადიონის ინფრასტრუქტურა.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.