ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ.“

„თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არამეგობრული ქვეყნები ავლენენ. ამაზე ღიად ვლაპარაკობ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც აზიანებენ ურთიერთობებს, ჩვენს პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირესთან,“ - აღნიშნა ბჟანიამ.


მისი თქმით, ბოლო წლებში „მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური ხასიათის ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, რომელმაც შესაძლოა, ბევრი სახელმწიფოს კონტურები შეცვალოს.“

„ბევრ ადგილას საბრძოლო მოქმედებებია, აღარ არსებობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლიც 30 წელზე მეტხანს არსებობდა,“ - დაამატა ბჟანიამ.

ე.წ. ოპოზიციურ პარტიაში - „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“ განაცხადეს, რომ ბჟანიას სიტყვები „თითქოს, აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ ძალებზე, სერიოზულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც დროის გამოცდას ღირსეულად გაუძლო.“


„ეროვნული ერთობის ფორუმი მსგავს განცხადებებს განიხილავს, როგორც სპეკულაციურ რიტორიკას, რომელიც ხელს არ უწყობს ქვეყანაში ისედაც დაძაბული მდგომარეობის სტაბილიზაციას.“

ბჟანიამ, „პარლამენტში“ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტიც შეიტანა.