ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებმა, გიტანას ნაუსედამ და კერსტი კალიულაიდმა, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა Twitter-ზე დაწერა.
საქართველოში შექმნილი ვითარება იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც პრეზიდენტებმა, 3 მარტს, ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მოტივაციის მიცემაზე.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა" არის ის, სადაც ორივე ჩვენგანს აქვს მორალური ვალდებულებები. ვიმსჯელეთ ბელორუსიის მოსახლეობის სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და როგორც მოლდოვაში, ასევე უკრაინაში განხორციელებულ რეფორმებზე", - ნათქვამია ესტონეთის პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, პრეზიდენტების შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის განხილვაც.
"Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლა იყო ერთ – ერთი მთავარი თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის დროს. ენერგეტიკული პოლიტიკა და უსაფრთხოება, მწვანე ტრანსფორმაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის იყო შეხვედრის ძირითადი აქცენტები", - ნათქვამია განცხადებაში.