ალექსეი ნავალნი - რუსი ნაციონალისტი, ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი და პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო. 44 წლის პოლიტიკოსმა კარიერა წლების წინ დაიწყო და სახელი ანტიკორუფციული ფონდის დაარსებით გაითქვა.
მისი მთავარი მიზანი ვლადიმერ პუტინის შეცვლა და რუსეთში კორუფციის დამარცხება იყო. მოსახლეობაში მისი აზრები ხშირად იწვევს აზრთასხვადასხვაობას, თუმცა მისი რეიტინგი მუდმივად მზარდი იყო. ახალგაზრდა პოლიტიკოსის განცხადებები რუსეთის მოსახლეობაზე იყო მორგებული.
ნავალნის საწყისები
ალექსეი ნავალნი მოსკოვთან ახლოს, ბუტინში დაიბადა. ის განათლებით ეკონომისტი და იურისტი იყო. რუსეთის ფედერაციაში დამთავრებული აქვს ორი უნივერსიტეტი. ასევე, განათლება მიიღო ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იეილის უნივერსიტეტში. მისი მშობლები რუსეთში ბიზნესს ფლობენ. წლების წინ მისმა დედ-მამამ ქსოვილების ფაბრიკა დაარსა, რაც მოგვიანებით, წარმატებულ ბიზნესად იქცა. მისი ძმა ოლეგ ნავალნია, რომელიც რუსეთის სასამართლომ ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე გაასამართლეს ალექსეი ნავალნიც, თუმცა მას პატიმრობა არ შეუფარდეს და პირობითი სასჯელი დაუწესეს.
კრემლის მიერ კონტროლირებული გამოძიების ვერსიით, ალექსეი ნავალნიმ, კერძო გადამზიდავი კომპანია დააფუძნა. ძმა ოლეგთან ერთად, რომელიც ამ პერიოდში რუსულ ფოსტაში მუშაობდა, ივ როშეს და კიდევ ერთ კომპანიას გზავნილებზე მაღალი ფასები დაუწესეს და კომპანიას 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენეს. თუმცა, რუსულ გამოძიებას არავინ ენდობა და საქმეს თავად ნავალნიც პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა. ნავალნი მეუღლე იულიასთან და შვილებთან (დარია და ზახარი) ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. იულია ნავალნი მოსკოვში ცნობილი ეკონომისტია. ნავალნი პუტინის მიმართ წინააღმდეგობრივი ქმედებების გამო არაერთხელ დააკავეს და ორჯერ მოწამლეს.
“ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც,” - ამბობდა ნავალნი.
ნავალნიმ, დაახლოებით, 20 წლის წინ, ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირა და პატრია "იაბლოკოში" გაწევრიანდა. მალევე პარტიიდან წასვლა მოუწია. მიზეზი მისი ხისტი პოზიციები, ნაციონალისტური შეხედულებები და ქმედებები გახდა. ის პარტიული საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული "რუსული მარშის" ორგანიზებასა და საქმიანობაში, ასევე, სათავეში ჩაუდგა განმათავისუფლებელ მოძრაობას.
"რუსული მარში" ყოველი წლის ნოემბერში რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეროვნული ერთობის დღეს მართავდა. ათასობით ადამიანს ერთი ლოზუნგი აერთიანებდა -"ეს (რუსეთი) ჩვენი ქვეყანაა." ყველაზე მასშტაბური მარში რუსეთში 2006 წელს გაიმართა. ათასობით ადამიანი უკანონო იმიგრაციას აპროტესტებდა. მარში მერმა მალევე აკრძალა. ერთ-ერთი, ვინც მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს ეწინაღმდეგებოდა, ალექსეი ნავალნი იყო. ის ითხოვდა აქციებზე ნებართვის გაცემას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე.
“ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის,” - ამბობდა ალექსეი ნავალნი.
მისი ქმედებები და განცხადებები ხისტი და მკვეთრად ნაციონალისტურია, რის გამოც ის საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ალექსეი ნავალნი 2011 წელს მოექცა. მანამდე, მისი ცნობადობა რუსეთში 10 პროცენტსაც არ შეადგენდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში კი, მისი რეიტინგი იზრდებოდა. რეიტინგის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კორუფციასთან ბრძოლამ. ნავალნის რეიტინგი და ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა დასავლეთშიც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ნავალნის მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლა იყო. უფრო კონკრეტულად, მისი მიზანი იყო, დაესრულებინა პუტინის მმართველობა და ქვეყანაში რეალური რეფორმები გაეტარებინა.
ალექსეი ნავალნი ფიქრობდა, რომ პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი უნდა ყოფილიყო. ის ასევე თვლიდა, რომ ქალებს და კაცებს კანონით დაცული თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ. გარდა ამისა, ის სექსუალური უმცირესობების საკითხებზეც მუშაობდა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსის რეიტინგი ახალი თაობის რუსებში მკვეთრად იზრდებოდა.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდი
ალექსეი ნავალნის ცნობადობა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება - პერიოდს, როცესაც მან "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" დაარეგისტრირა და მის მუშაობას სათავეში ჩაუდგა.
“ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. მაგრამ ჩემთვის უცნაურია: თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს და არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს,” - ალექსეი ნავალნი.
მისი და შესაბამისად, ანტიკორუფიული ფონდის მთავარი სამიზნე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებია. მან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და საზოგადოებას გაუზიარა ისეთი მსხვილი კომპანიების შესახებ მამხილებელი ინფორმაცია, როგორიცაა - "როსნეფტი".
ნავალნის გადაღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი, რომლითაც ის ცდილობდა, რუსებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ იყენებენ ბოროტად სახელმწიფო თანამდებოებებს მოხელეები და როგორ იპარავენ ფულს საზოგადოების ხარჯზე. ნავალნი ხშირად ეუბნებოდა თანამოქალაქეებს, რომ ძალაუფლება მხოლოდ მათ ხელშია და არა მთავრობებში.
მის პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა დმიტრი მედვედევის შესახებ მომზადებულმა ფილმმა, სადაც ის მედვედევის ქმედებებს აღწერდა და მას სხვადასხვა დანაშაულში ამხელდა.
სწორედ ამიტომ, ნავალნი მაშინ ათასობით ადამიანთან ერთად მედვედევის გადადგომას ითხოვდა, მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ფილმი, სახელად "ჩაიკა" არამხოლოდ მედვედევის, არამედ, მასთან დაახლოებული პირების და რუსეთის მთავარი პროკურორის, იური ჩაიკას საქმიანობას უკავშირდება. კორუფციული ფონდის საქმიანობა კრემლისთვის რომ მიუღებელი იყო, წლებია, ნათლად ჩანდა. ნავალნი არაერთხელ დააკავეს, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კი, ნავალნის წარდგენილ ფაქტებს მოგონილსა და ტყუილს უწოდებდა.
ის, რომ პუტინის რუსეთისთვის ნავალნისა და ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობა მიუღებელია, არაერთი გადაწყვეტილებებით დასტურდება. კრემლმა ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდი “უცხოელ აგენტად” შერაცხა და ფონდში არაერთი შემოწმება ჩაატარა. ნავალნის, მიმდინარე გამოძიების გამო, მოსკოვის დატოვებაც კი, ეკრძალებოდა.
წარუმატებელი (გაყალბებული) არჩევნები
სკანდალური გამოძიებების ფონზე, ნავალნის რეიტინგი როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ ეტაპობრივად გაიზარდა. მიუხედავად მისი მზარდი რეიტინგისა, მან მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო. არჩევნები რომ გაყალბდა და დარღვევებით გაიმართა ამას ბევრი ფაქტი და საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ეს თავად ნავალნიმაც თქვა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. თუმცა, როგორც ყოველთვის, კრემლმა წინააღმდეგობა ვერ აიტანა, აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა და ასობით ადამიანი დააკავა.
მიუხედავად არაერთი მარცხისა, ნავალნი ბრძოლას განაგრძობდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მას მონაწილეობა აუკრძალეს, მიზეზი “კრიმინალური” წარსულია, თუმცა ნავალნის მიმართ წარმოებულ საქმეებში ნათლად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.
“ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში,” - ალექსეი ნავალნი.
ალექსეი ნავალნის ასი ათასობით მხარდამჭერი ჰყავდა და ის დანებებას არ აპირებდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და აქციები, რომელსაც ის სათავეში უდგას, არაძალადობრივია, თუმცა კრიტიკული და მასშტაბური. მიუხედავად იმისა, რომ მასზე და მის მხარდამჭერებზე პოლიტიკური დევნა და ზეწოლა ხორციელდება.
სასიცოცხლო საფრთხე
პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთში ხშრად აქტივისტების სიკვდილით მთავრდება. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეების გრძელი სია წლიდან წლამდე იზრდება.
მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი, ანა პოლიტიკოვსკაია, მოწამვლით მოკლეს იური ჩეკოჩიხინი, დიდ ბრიტანეთში მოწამლეს და შედეგად, მოკლეს ალექსანდრე ლიტვინენკო. საწამლავით სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში.
- სიკვდილს ორჯერ გადაურჩა თავად ალექსეი ნავალნიც. ერთხელ, როგორც თავად ამბობს, ციხეში მოწამლეს, თუმცა ის მალევე გამოჯანმრთელდა. მას რუსმა ექიმებმა მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ რამ გამოიწვია ეს რეაქცია, დღემდე უცნობია.
ის კიდევ ერთხელ მოწამლეს. კომაში მყოფი ნავალნი გერმანიაში გადააფრინეს სამკურნალოდ. გერმანელი ექიმები ფიქრობდნენ, რომ ნავალნი გადარჩებოდა. მისი მეუღლე და მეგობრები კი, ამბობდნენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კრემლმა მოწამლა. ოჯახი და ნავალნის მხარდამჭერები საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.
გერმანელი ექიმები ადასტურებდნენ, რომ ნავალნი ნამდვილად მოწამლეს. ამ დასკვნას ისინი პაციენტის ორგანიზმში გარკვეული ნივთირებების აღმოჩენაზე აფუძნებენ. გერმანიის კანცლერი და სხვა დასავლელი ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები რუსეთს დროული ქმედებისკენ, გამოძიების დაწყებისა და დამნაშავეების გასამართლებისკენ მოუწოდებდნენ. კრემლში უარყოფდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს. მეტიც, ამბობდნენ, რომ მთავარი ოპოზიციონერი არავის მოუწამლავს და მისი კომაში ჩავარდნა ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ განაპირობა.
საგარეო პოლიტიკა
ალექსეი ნავალნის მიზანი დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთში რეფორმების გატარება და ევროპასთან და ამერიკასთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების ქონა იყო. ნავალნი ერთადერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა პუტინისა და კრემლის პოლიტიკას უკრაინაში, კერძოდ კი, პროპაგანდას ყირიმის ანექსიაზე, რომელსაც კრემლი ავრცელებს.
ნავალნის ცნობილი და პოპულარული გამონათქვამები:
“პატარა წიგნს ვკითხულობდი. მას რუსეთის კონსტიტუციას უწოდებენ. აქ წერია, რომ რუსეთში ძალაუფლების ერთადერთი წყარო ხალხია. ასე რომ, ვინ არის ძალა აქ?”
“ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. მაგრამ ჩემთვის უცნაურია, თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს, რატომ არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს”.
“ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის.”
“ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც”.
“ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში”.
“როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შანსს ვიღებთ, მე მზად ვარ, ვიბრძოლო ბოლომდე და წამყვან პოზიციაზე. მათ შორის, მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.”
წყარო - ამერიკის ხმა
მასალა გამოქვეყნებულია 2020 წლის აგვისტოში.