ბაიდენის ადმინისტრაციამ ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობაზე პირველი კომენტარი გააკეთა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ბაიდენის ადმინისტრაციიდან პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.


„თუ ეს დადასტურდა, ეს საშინელი ტრაგედიაა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მთავრობას აქვს გრძელი და საშინელი ისტორია მოწინააღმდეგეებისთვის ზიანის მიყენების შესახებ, რაც ბადებს რეალურ და აშკარა კითხვებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა,” - განაცხადა სალივანმა. 

„მაგრამ შემდგომი კომენტარებისგან თავს შევიკავებ, ვიდრე უფრო მეტი არ გვეცოდინება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ დადასტურებული ცნობის მიღებას, და როგორც ვიცი, ბატონი ნავალნის ოჯახიც ამას ცდილობს,“ განმარტა სალივანმა.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის სიკვდილი ნავალნის ოჯახის წევრებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.