ნავალნის მეუღლე: თუ ეს სიმართლეა, მინდა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ

ალექსეი ნავალნის მეუღლემ პირველი კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„არ ვიცი, უნდა დავირეჯოთ თუ არა ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო წყაროებმა გაავრცელეს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინის ხელისუფლება მუდმივად ტყუის. თუ ეს სიმართლეა, მინდა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩემს ოჯახს, ეს დრო ძალიან მალე დადგება,“ეს განცხადება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლემ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნავალნი გარდაიცვალა. იულია ნავალნაია მიუნხენის კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა.

„მინდა, მთელ მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომ გაერთიანდნენ და ეს ბოროტება დაამარცხონ, დაამარცხონ რუსეთის საშინელი რეჟიმი. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგონ ყველა საშინელებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უშვრებიან ბოლო წლებში,” - განაცხადა ნავალნაიამ.


ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია, შვილის სიკვდილთან დაკავშირებით, სამძიმრის მიღებაზე უარს აცხადებს.

„არ მინდა არავითარი სამძიმრის სიტყვების მოსმენა. ვნახეთ შვილი კოლონიაში, 12 რიცხვში [თებერვალს] პაემანზე ვიყავით. ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე,“ - მედიის თანახმად, ლიუდმილა ნავალნაიამ ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე დაწერა.