ღარიბაშვილი მინისტრებს: ნამახვანჰესზე პირადად დაიწყეთ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან

ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიაცია სთხოვა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და მას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი.

„ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად ხვალ და დაიწყონ აქტიური, უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აუხსნან, რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ პარლამენტშიც გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პორების მონაწილეობით და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა გაეცეს პასუხი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტია.

„წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომლებიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ ოქროს შუალედის მოსაძებნად არის აუცილებელი უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.