ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდიივკის ხელში ჩაგდების მცდელობისას, რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა.
ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ავდეევკაზე, რომლის ხელში ჩაგდებას 2023 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ. ბრიტანელების შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ "ქალაქის სეგმენტში ეტაპობრივ, სტაბილურ პროგრესს" მიაღწია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები საპასუხოდ საკუთარ პოზიციებს აძლიერებენ.
„ავდიივკა დონბასში ფრონტის ხაზზე 2014 წლიდან იმყოფება. ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 400 ტანკი, ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა აღჭურვილობა, ასევე ალბათ ათასობით ადამიანი," - ნათქვამია მოხსენებაში.
-
უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან
-
თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინას ავდიივკადან ჯარისკაცები თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე გადაჰყავს.
„ავდიივკის ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ,“ - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში.
სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს.
„ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.