20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ექთანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და მის გამოყენებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ამავე საქმეზე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს არის ჩანიშნული.
გამოძიების ვერსიით, „2021 წლის 11 აგვისტოს პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა.
პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.
2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად, მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა."
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პროცესზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა.
„წარდგენილი ბრალდებისთვის მაქსიმალური სასჯელი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა იყო. მაქსიმუმს, რა თქმა უნდა, მოსამართლე არ გამოიყენებდა, ვინაიდან წარსულში რაიმე ნასამართლობა არ არის, რაიმე სხვა კრიმინალი ჩადენილი არ არის და ვფიქრობთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, მან [ექთანმა] პროცესზე დაასახელა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, რომელმაც დაავალა უშუალოდ... აქამდე მიცემულ ჩვენებაში არ ამბობდა. კიდევ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას... მართლაც დიდი დანაშაულია მომხდარი და ბევრ გულგრილობას ჰქონდა ადგილი აღნიშნული პაციენტის მიმართ."
20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით, მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც. გენერალურმა პროკურატურამ გაიოზ ჩარკვიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. გაიოზ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.