პოლიტიკა
ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად, განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ უნდა განვითარდეს ქვეყნების პოტენციალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში იმ პერიოდში, როდესაც კრიტიკული გამოწვევებია.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით,Tanap-ის (ტრანსანატოლიური მილსადენი) სიმძლავრის გაზრდა და კასპიის ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში გატანა ქვეყნების პრიორიტეტებს შორისაა.
მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პროცესზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის იმედის ახალი წყარო იქნება.
„ჩვენ ამ პროცესში აზერბაიჯანთან ერთად ვმოქმედებთ. ყარაბაღის ოკუპაციის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონში მუდმივი მშვიდობისთვის იხსნება შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობების ფანჯარა არ დაიხუროს. მიმაჩნია, რომ სომხეთმა უნდა შეაფასოს ეს პროცესი სტრატეგიული პერსპექტივით, გრძელვადიანი აზროვნებით,“ – განაცხადა ერდოღანმა.