დეკანოზი გიორგი მამალაძე: საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია.

აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.


„წერილში მამალაძე გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის ოჯახის წევრებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, ემიგრანტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის.


მადლობა ჩემს ოჯახს 7 წლიანი ბრძოლისა და გვერდში დგომისთვის, მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს, მადლობა ჩემს უფლებადამცველებს: მია ზოიძეს, ქეთი ჩუთლაშვილს, ეკატერინე ლომიძეს, თამარ ავალიანს, მარიამ პატარიძეს, გიორგი ფანცულაიას, მიხეილ რამიშვილს, სულხან კომახიძეს, პაატა მეხრიშვილს, დავით ჯანდიერს,რაულ აგიკიანს, ასევე ნიკა გვარამიას, რომელსაც ჩემი უფლებების დაცვისა საპატიმროში ჩემი მონახულებისთვის N8 პენიტ. დაწესებულების დირექტორმა ზ.ქინქლაძემ ორგანიზებული “შუმოკი” მოუწყო მძიმე შეურაცხყოფით. განსაკუთრებული მადლობა თავგანწირვისათვის მეუფე პეტრეს, შეუპოვარ ადამიანს. ასევე, მადლობა მხარდაჭერის, დახმარებისა და გამბედაობისათვის იმ სასულიერო პირებსა და იერარქებს, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ საპყრობილეში. მათ სახელობითად არ ჩამოვთვლი, რათა მავანთა გულისწყრომის ობიექტად არ იქცნენ. მადლობა სახალხო დამცველებს უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას და ალექსანდრე იოსელიანს, მადლობა სახ. დამცველის აპარატის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს გვანცა ჩხაიძეს, საბა ბრაჭველს,ალდონა ქაშიბაიას და სხვებს. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრს” და ალ. ცქიტიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სოც.სამართლიანობის ცენტრს” და თამთა მიქელაძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიას” და მარიამ ჯიშკარიანს.

ორგანიზაციებს “ღია საზოგადოებას” და "მართლმსაჯულების კოალიციას". უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავის წლიურ ანგარიშებში ჩემი საკითხისადმი არაერთგზის ყურადღების გამახვილებისთვის, ასევე USAID-ს,“ წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე.


სასულიერო პირი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის შემდეგ, სიმართლეს დაამტკიცებს.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმც, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: „არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს,” - აცხადებს გიორგი მამალაძე.